Thursday, March 29, 2012

Middle Class Hero


მე middle class hero ვარ და ეს არაფერს ნიშნავს. ხუთი ათეული კილოგრამი სიცოცხლის მატერია, big bang და ფიბონაჩის სპირალთან საკმაო ცდომილება. სიბლინგი - 0, მიზანი - პლიუს უსასრულობა, სტატუსი - ენერგიული მელანქოლიკი ან უენერგიო სანგვინიკი. ნიშანი - მშვილდოსანი გაღუნული ისრებით. გახეულფეხსაცმლიანი მრბოლელი ან ძვირტანსაცმლიანი მუშა, სუფთახელებიანი მოქანდაკე და ორყურა ვან გოგი. ირლანდია, ოთხყურა სამყურები და მწვანე საძოვრებზე მოსიარულე ჩლიქებიანი ბამბის ქულები. ინსულინს მონატრებული დიაბეიკი. ტაბლეტები, მჟავე-მწარე. 
არა ყავას! ნეგატიურთან დამოკიდებულება - პოზიტიური. პრიზმაში გატარებული ნაცრისფერი გრადაციები, მიწისფერი ცები, ხისფერი, წყლისფერი და ჩალისფერი დღეები. ფროიდი და იუნგი. კორპუსებს შორის გაცვეთილი გზა და საბავშვო ბაღიდან გადმოგდებული საჭმელი. შიმშილი, კნუტ ჰამსუნი და ალბათობა იმისა, რომ ბავშვობაში კნუტი ჰყავდა. სონეტები, სომა და კომა.  კარმა და ქამელეონები. როდეო, მოხუცები და ზღვები, თეთრები და შავები, პარიკები, პაიკები და მეტი არაფერი. ბასრი ენა და ორპირი ქარი. გაურემონტებელი სახლი ყოველთვის სჯობს გარემონტებულს, იქ სხვა სუნი დგას. აურა. მე middle class hero ვარ. ურა!


Friday, March 2, 2012

Futu – რა?





დილის ჩაიზე ყოველთვის მუზები მსტუმრობენ. არ აქვს მნიშვნელობა ჩაი ბერგამოტისაა, დარჯილინგის, ჰიბისკუსის თუ მარიამის. მოდიან, ჩამომისხდებიან ცხრანივე და რაღაც აბსურდულ იდეებს მაწვდიან (ტვინის) საკვებად.

ჩვენი ათეულის დღევანდელი სასაუბრო თემა არა აბსურდულს, არამედ ჯერჯერობით არარსებულს - მომავალს ეხება. ცხრავე (ტრაგედიის მუზის ჩათვლით) ოპტიმიზმისკენ მომიწოდებს.

კალიოპე - დი(ა)დ საქმეებს ჩაიდენ!
კლიო - შენი სახელი ისტორიაში შევა!
ერატო - ეროსი და ფსიქე მონაგონი იქნება!
ევტერპე - ხმას ბევრს მიაწვდენ!
მელპომენე - ტრაგედია კომედიაცაა!
პოლიჰიმნია - გადიდებენ!
ტერფსიქორე - ცხოვრების ფერხულში მოქნილად იცეკვებ!
თალია - კომედია ტრაგედიაცაა!
ურანია - პასუხი სადღაც მაღლაა!
მე - rde...