Wednesday, November 28, 2012

Ragnarök


სიზმარში ნახული ხატებები (როგორც კოლერიჯი წერს) იმ შეგრძნებებს წარმოადგენენ, რომლებსაც ისინი ჩვენი აზრით იწვევენ; იმიტომ კი არ ვართ თავზარდაცემულნი, რომ სფინქსს გადავეყარეთ, არამედ გვესიზმრება სფინქსი, იმიტომ, რომ თავზარდაცემულნი ვართ. და თუ ეს ასეა, არ ვიცი, რამდენად შეძლებს ეს ჩანაწერი გადმოსცეს გაოგნება, აღფრთოვანება, შფოთი, მუქარა და საზეიმოობა იმღამინდელი სიზრისა. მე ცდას მაინც არ დავაკლებ, ვინაიდან ამოცანას ისიც აიოლებს, რომ სიზმარი მხოლოდ ერთი სცენისგან შეგდება. მოქმედების ადგილი ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტია; დრო - მზის ჩასვლა. ყველაფერი ყველაფერი ოდნავ გადიდებული და სახეცვლილი ჩანდა (ეს ჩვეულია სიზმრებისთვის). მმართველი პირები უნდა აგვერჩია. მე პედრო ჰენრიკეზ ურენას ვესაუბრებოდი, რომელიც სინამდვილეში დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. უეცრად ატეხილმა ბრბოს და არეულობს ხმაურმა გაგვაოცა. ბახო ადამიანისა და ცხოველის ხმით აყვირდა. გაისმა ძახილი "მოდიან!", შემდეგ კი "ღმერთები! ღმერთები!". ოთხი-ხუთი ადამიანი ბრბოს გამოეყო და ძირითად სალექციო დარბაზში ტრიბუნა დაიკავა, ჩვენ კი აცრემლებული ტაშით შევეგებეთ. ეს იყვნენ ღმერთები, რომლებიც საუკუნოვანი განდევნიდან დაბრუნებულიყვნენ. ტრიბუნა კიდევ უფრო აზვიადებდა მათ სიდიდეს, უკან გადაგდებულ თავებსა და მოღერებულ მკერდებს, რომლითაც ჩვენს თაყვანისცემას იფერებდნენ. ერთ-ერთს ხელში ტოტი ეჭირა, რომელიც სიზმრისეული ბოტანიკის სიმარტივეს დამორჩილებოდა; მეორეს ხელის ნაცვლად კლანჭი ება და მედიდურად გაეშვირა; იანუსის ერთ-ერთი სახე უნდობლად უმზერდა თოტის მორკალულ ნისკარტს. ერთ-ერთმა მათგანმა, არ მახსოვს რომელმა, იქნებ სწორედ ჩვენი აპლოდისმენტების გამო შეგულიანებულმა, ყურისმომჭრელი ჭახჭახი ატეხა, რომელშიც ხროტინი და სტვენაც გაერეოდა ხოლმე.
ამ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა. გაგვიჩნდა ეჭვი (შესაძლოა გადაჭარბებულითაც), რომ ღმერთებს ლაპარაკი არ შეეძლოთ. საუკუნოვან განდეგილობას  და დაცემულ ცხოვრებას მათში ეს ადამიანური ელემენტი ჩაეხშო; ამ კანონდამრღვევებთან ისლამის მთვარე და რომის ჯვარი მოსატანი არც იყო. ზედმეტად დაბალი შუბლი, ყვითელი კბილები, წვრილი, მეჩხერი ულვაშები და სქელი, პირუტყვული ტუჩები ოლიმპიური ხაზის გადაგვარებაზე მიუთითებდა. მათი ტანსაცმელი კდემამოსილ სიღარიბეს კი არა, ბახოს ბორდელებსა და აზარტული თამაშის სახლებს ღაღადებდა. კოსტუმის უბიდან მიხაკის სისხლმა გამოჟონა და ტანზე მომდგარი სამოსიდან დანის კონტური გამოიკვეთა. უეცრად ვიგრძენით, რომ ეს მათი ბოლო ჩამოსვლა იყო კარტის თამაშში, რომ ისინი ცბიერნი, უმეცარნი და სასტიკნი იყვნენ ბებერი მხეცების მსგავსად და თუ ჩვენ შიშსა და სისბრალულს დავნებდებოდით, უთუოდ გაგვანადგურებდნენ. ჩვენც ვიშიშვლეთ მძიმე რევოლვერები (სიზმარში რევოლვერები არსაიდან გაჩნდა) და სიხარულით მოვკალით ღმერთები. 

- ხორხე ლუის ბორხესი (თარგმანი - meadowz)