Tuesday, March 4, 2014

ნუში



             იმ ღამით ისე გაიტაცა ძილმა, როგორც ქარმა - ბუმბული, როგორც არწივმა - ლეში, როგორც მშიერმა - პური. დავიწყების უწონადობასა და ბორკილდადებულ სიმსუბუქეს შორის მიქროდა იქით, საითაც არავის აქვს კბილები, რომ დაკრიჭოს და დაგიღრინოს. გამწარებული ცდილობდა გაეხსენებინა დილით ნაჭამი რძეში ჩამბალი ნუშის ნამცხვრის ტკბილი გემო. თავგანწირვით ეწაფებოდა წუთებს, იმოწაფებდა წამებს, დაჰფოფინებდა, როგორც დამაშვრალი წყალს, მაგრამ სიმტკნარის ნაცვლად ზღვის სიმლაშე უღიტინებდა სასაზე. ამ დროს სასოწარკვეთილებას დაფქული დარიჩინის გემო გადაჰკრავდა ხოლმე და ისიც სუნთქვას წამობით, წამებით იკავებდა.
             ჰორიზონტი ვერტიკალურ ნესტრად ჩაერჭო ქვიშაში, მისმა ანარეკლმა კი მზის კლაკნილ სხივებში გაცურა.
             უეცრად იქუხა და მას ეგონა, მეხმა პირდაპირ თავი გამიპო და ფარატინა ფურცელივით ამაფარფატაო. მიხვდა, რომ არ ასცდებოდა წვიმაში დასველება და აღელვებულმა ნერწყვი ისეთი ხმაურით გადაყლაპა, სულ-გულის სიღრმიდან ექომ უპასუხა.
            პირველი ნოტი რომ ყველაზე რთულია, კარგად ჰქონდა ჩაკლიტული გონებაში. ვერ გაეგო, რისგან დაცვარულიყო ფანჯრის მინები - ოქროსგან, თუ ორთქლისგან? მელანი ერთიანად ჩაუგუბდა თვალებში, ყურები ულისეს ძმობილივით ცვილით ამოივსო. ტკივილს ვეღარ გაუძლო და ნახევარმთვარისებრი ნუშის ნამცხვარი კრატერებიანად გადასანსლა. თვალები რომ ამოუშრა, დაინახა, რომ ბაღში ბუნების სხვა უსარგებლო წანაზარდებთან ერთად ნუშის ხეც იდგა.
           ხიდან ნამცხვრამდე რამდენიმე სინათლის წელიწადი იყო დაწნული თმასავით ჩამოკონწიალებული. სწორედ ამ ხის ნაყოფით შეკმაზული დისკო ჩავარდა მის ცარიელ შიგნეულობაში. სულ-გულის სიღრმიდან კვლავ ექომ ამოსძახა.